უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარაძეს მიაჩნია, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა დარღვევა არ იქნება. მოსამართლემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატ ნინო იობაშვილის კითხვას უპასუხა.
"მგონია, რომ დღეს არ არის ადამიანი დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე არ ეფიქროს. ბუნებრივია, მიფიქრია. იცით რა რა, იმდენად დიდია ამ ვირუსის უარყოფითი შედეგი და იმდენად დიდია [რისკი] თავად ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა. მაგრამ ვფიქრობ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, ამ კუთხით ვერ გადამიწყვიტა, ასე ვთქვათ. არჩევანის საშუალება უნდა მომცე. არჩევანის საშუალება უნდა მომცენ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. გარდა იმისა, რომ ჩვენი პირადი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს რომ გაიკეთოს?" - ამბობს გენადი მაკარაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.