უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის შესანარჩუნებლად, შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ.
გენშტაბის მიერ ყოველდღიურ საინფორმაციო ბიულეტინში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის რეგიონში პოზიციების შენარჩუნებაზე ფოკუსირებას და ცდილობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს, გარკვეულ რაიონებში, ზიანი მიაყენონ.
ამასთანავე, გენშტაბში აღნიშნავენ, რომ იზიუმის მიმართულებით მტერს აქტიური შეტევა არ განუხორციელებია და ის დაზვერვაზეა ფოკუსირებული.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსი დამპყრობლები აგრძელებბენ ქალაქ მარიუპოლში, კერძოდ აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ბლოკირებას.
"დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებასა და დაკავების შესახებ ზომების მიღებას აგრძელებს. ოკუპანტები ძარცვავენ გლეხებს. მაგალითად, რუსებმა ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკაში მდებარე სოფლის მეურნეობის კომპანიისგან სატვირთო მანქანა მოიპარეს, რომელზეც 60 ტონაზე მეტი ხორბალი იყო“, - აღნიშნავენ გენშტაბში.