უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსული ძალები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით კარდაკარ შემოწმებას ატარებენ.
"დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება სამობილიზაციო ღონისძიებები, რომლის დროსაც საოკუპაციო ძალები კარდაკარ დადიან და სამხედრო მოსამსახურეების სიებს ადგენენ," - ნათქვამია უკრაინის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
უკრაინის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა გააძლიერეს საბუთების შემოწმება საგუშაგოებზე, რაც მაქსიმალურად ართულებს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.