logo
ENG



უკრაინა: რუსეთი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და უკრაინის დადანაშაულებას გეგმავდა

01 მაი 202215:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/01/3jlntetw931czya.jpg

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპიკერი არტემ დეხტიარენკო აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგენტები ტერაქტს ამზადებდნენ - რუსეთის ან ბელორუსიის ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასა და მომხდარში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავდნენ.

უშიშროების სამსახურის თქმით, უწყებამ ჩაატარა კომპლექსური სპეცოპერაცია და დააკავა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც ტერაქტს გეგმავდა.

 „ოკუპანტები აპირებდნენ, უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ. პროვოკაციის მიზნით, თავდამსხმელებს სურდათ სამოქალაქო თვითმფრინავისთვის Stinger-ის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან (MANPADS) ცეცხლი გაეხსნათ. უცხოური MANPADS-ის მოპარვისა და საზღვარზე ფარულად გადატანის მიზნით აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებმა აგენტების ჯგუფს შესაბამისი დავალება მისცეს“, - განაცხადა დეხტიარენკომ.

უშიშროების სპიკერი აცხადებს, რომ მტრის დივერსიულ ჯგუფი მოიცავდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორ ადამიანს და მათ თანამზრახველებს. მათ საქმიანობას კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი დირექტორატის წევრი, ალექსანდრე ტიუტერევი უძღვებოდა.

უკრაინის უწყების ცნობით, ტიუტერევი მანამდე ოდესის რეგიონში ტერაქტების მოწყობაში მონაწილეობდა, რისთვისაც ამ დრომდე იძებნებოდა.

უშიშროების ინფორმაციით, ტიუტერევის დავალებით, აგენტები თავს უკრაინელ პატრიოტ მოხალისე მებრძოლებად ასაღებდნენ და უკრაინის შეიარაღებული ძალებთან კონტაქტების დამყარებას ცდილობდნენ.

სამხედროების ნდობის მოსაპოვებლად კი მათ უკრაინას კადიროველების ჯარის პოზიციებსა და გადაადგილებაზე "სანდო ინფორმაცია" მიაწოდეს.

ამის შემდეგ კი რუსი აგენტები კონტაქტების გამოყენებით უცხოური MANPADS-ის არალეგალურ მოპოვებასა და აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე გადატანას აპირებდნენ.

დეხტიარენკოს განცხადებით, უკრაინის უშიშროებამ ამ დივერსიული ჯგუფის ყველა წევრი დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება, რათა გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი.


close დახურვა