უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინასთან მიმართებით პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს გმობს.
"უკრაინისთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უკრაინელი ხალხის ბრძოლასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც სამინისტრო აცხადებს, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ათასობით უკრაინელის სიკვდილსა და ქალაქების დაბომბვაში, ხოლო კობახიძის განცხადებაში სიტყვა "რუსეთი" არც ერთხელ არ გაჟღერებულა.
"სამწუხაროა საქართველოს პრემიერმინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ხილვა, რომელთა გარჩევა ბოლო პერიოდში რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან რთული გახდა.
რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ასეთი განცხადებებისგან, რომლებიც იმეორებენ რუსულ ნარატივებს, და უკრაინის საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობის, თავისუფლებისა, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებისკენ", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.