logo
ENG



უკრაინა: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველების სურვილს, გააგრძელონ ევროპული მომავლის მშენებლობა

08 მარ 202318:28
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველების სურვილს, გააგრძელონ ევროპული მომავლის მშენებლობა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს.

საგარეოს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "იზიარებენ ევროკავშირის პოზიციას რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს".

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც სახელმწიფომ, რომელიც ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განზრახვა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონზე, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ვეტოს დადების შესახებ. ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მათ სურვილში, გააგრძელონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობა", - აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში. 

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".


close დახურვა