უკრაინაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას და შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვთ. ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"მოსკოვი აგრძელებს ჰიბრიდული ომის წარმართავს და აქტიურად იძენს ძალებს ინფორმაციულ და კიბერსივრცეებში. ბოლო კიბერთავდასხმა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც 2014 წლიდან გრძელდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში ამბობენ, თავდასხმის მიზანი უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობის შერყევაა.
უკრაინის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა 14 იანვრის ღამეს განხორციელდა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯამში თავდასხმის ქვეშ მოყვა 70-მდე ვებგვერდი, მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების რესურსები. ამასთან, მონაცემები არ მოუპარავთ, კონტენტი არ დაზიანებულა და ვებგვერდების მუშაობაც რამდენიმე საათში აღდგა.
რუსეთი კიბერშეტევასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, ხოლო ბრალდებებს "დაუსაბუთებელს" უწოდებს.