უკრაინა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის სისტემაში გაწევრიანდა. შესაბამის შეთანხმებას ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტზე მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ და ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სისტემა საერთაშორისო კოორდინირებული გადაუდებელი დახმარების გაწევისთვის. ის მოიცავს სხვადასხვა რესურსებსა და დახმარების ფორმებს 28 წევრი სახელმწიფოსგან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან. ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის სისტემაში გაწევრიანება უკრაინას საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენოს ევროკავშირის ყველა ინსტრუმენტი და პროგრამა, რათა განავითაროს თავისი ეროვნული სამოქალაქო დაცვის სისტემა და მოიზიდოს დახმარება.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებიდან სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში 70 000 ტონაზე მეტი დახმარება მიიღო, დაწყებული საკვებიდან დამთავრებული სპეციალური ტექნიკით.
უკრაინამ საგზაო რუკა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში ოფიციალურად გაწევრიანების მიზნით 2022 წლის შემოდგომაზე მიიღო. დოკუმენტი ასახავდა კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ოფიციალურ კიევს უნდა გადაედგა, სანამ სისტემის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა.
გარდა ამისა, ახალ ე.წ. დაძმობილ ქალაქებს შორის 10-ზე მეტი შეთანხმება იქნა მიღებული, ასევე თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები და შემდგომი თანამშრომლობის გეგმები რიგ ორგანიზაციებთან ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში და აშშ-ში. ღონისძიების ფარგლებში მიღებულ იქნა ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის დეკლარაცია.
ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტი წარმოადგენს უკრაინის და უცხოეთის მუნიციპალიტეტების დონეზე პარტნიორობის, ურთიერთქმედების და თანამშრომლობის გაღრმავების პლატფორმას. მისი მიზანია პირდაპირი საერთაშორისო კომუნიკაციის დამყარება სხვადასხვა ქვეყნის რეგიონებისა და თემების ლიდერებსა და წარმომადგენლებს შორის; იდეების, პოტენციური ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.