logo
ENG



უკრაინა ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს

05 სექ 202223:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/05/u92hdkjqo7arqf2.png

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის რუსეთისგან ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს. ამ თემაზე ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ზე ისაუბრა.

როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მშვიდობიან მოსახლეობას რაც შეიძლება მალე სურს ევაკუაცია.

მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია დაბომბვის გამო.

"ხალხი მასობრივად მოგვმართავს დახმარებისთვის. ისინი ცდილობენ დატოვონ სახიფათო ტერიტორია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოთხოვნით, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი ქალების, ბავშვების, მოხუცების ევაკუაციისთვის"- ამბობს ვერეშჩუკი.

ზაპოროჟიე, ექვსი რეაქტორით, არის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური. თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სადგურს რუსული ჯარები აკონტროლებენ. სადგური კონფლიქტის ერთ-ერთ კერად იქცა, სადაც მხარეები ერთმანეთს ქარხნის დაბომბვაში ადანაშაულებენ.

რუს სამხედროებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.


close დახურვა