logo
ENG



უკრაინა ოცნებას სააკაშვილის სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს

15 დეკ 202222:59
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა ოცნებას სააკაშვილის სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო შეშფოთებულები არიან და საქართველოს ხელისუფლებას მისი სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

„უკრაინის მოქალაქის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს, რომ მას შესაბამის სამედიცინო მკურნალობაზე ჰქონდეს წვდომა, ასევე დაკმაყოფილდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ მოთხოვნა, რათა ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაიყვანონ“ - წერია განცხადებაში.

უკრაინა ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის უფლება მისცენ უკრაინის ვერხოვნა რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, უკრაინა ახლოდან აკვირდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელების, განსაკუთრებით კი სააკაშვილის უფლებებისა და ინტერესების დაცვას და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.

 

 

close დახურვა