logo
ENG



უკრაინა რუსეთის ე.წ რეფერენდუმების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრას ითხოვს

25 სექ 202211:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/8m2kp11pz3itxxe.jpg
TASS

უკრაინა რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმების გამართვის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის მცდელობის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ შეხვედრის გამართვას ითხოვს იმ ყალბი რეფერენდუმების გამო, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა გაეროს ქარტიის დარღვევით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის მორიგი მცდელობის გამო“ - განაცხადა ნიკოლენკომ.

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუჰანსკში 23-27 სექტემბერს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმები გამართა.

რუსეთის ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. დიდმა შვიდეულმა და ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას ყალბი რეფერენდუმების გამართვის გამო სანქციებს დაუწესებენ.

23 სექტემბერს ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი ჰაიდაიმ განაცხადა, რომ შეიარაღებული რუსები ადგილობრივი მოსახლეობის სახლების გარშემო დადიან და ემუქრებიან, რომ სახლში ძალის გამოყენებით შეიჭრებიან თუ უკრაინელები ნებით არ გაუღებენ კარს.

უკრაინა ასევე აცხადებს, რომ ყალბ რეფერენდუმებში მონაწილეობის მიზნით, რუსეთს ხალხი ყირიმიდან ხერსონში მოჰყავს.

24 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმების "ხმის მისაცემ პუნქტებში" უკრაინელი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიდის, ამიტომ ოკუპანტები ადგილობრივებთან სახლში მიდიან, რათა ხელმოწერები შეაგროვონ.


close დახურვა