უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს შავ ზღვაში უკონტროლოდ მცურავი ჭურვების მიზანმიმართულ მოთავსებაში ადანაშაულებს.
უკრაინის თქმით, ნაღმები სხვა ქვეყნების ტერიტორიულ წყლებშიც დაცურავს. უახლოეს დღეებში ამგვარ ნაღმებს რუმინეთსა და თურქეთში მიაგნეს.
„სამოქალაქო გემების გატაცებისა და განადგურებისა და უკრაინის ტერიტორიის ზღვიდან დაბომბვის გარდა, რუსეთმა ზღვაში ყაჩაღობის ახალი მეთოდი შეიმუშავა, რაც ზღვის უკონტროლოდ მცურავი ჭურვებით დანაღმვას გულისხმობს. სწორედ ამგვარი მცურავი ნაღმები აღმოაჩინეს 26-28 მარტს თურქეთისა და რუმინეთის სანაპიროებთან“ - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე რუსეთი ირწმუნებოდა, რომ ეს უკრაინის ნაღმები იყო, თუმცა კიევი აცხადებს, რომ ეს ნაღმები რუსებმა 2014 წელს ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო საწყობებიდან მოიპარეს.
„ეს ნაღმები რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს სამხედრო შემოჭრისას უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის რუსული ოკუპაციის შემდეგ მოიპარეს. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან იმ საზღვაო ნაღების გამოყენება, რომლებიც 2014 წელს სამხედრო საცავებიდან მოიპარეს, მიზანმიმართულ პროვოკაციასა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე უკრაინის დისკრედიტაციას ემსახურება“ - წერს სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 28 მარტს ქალაქ იგნეადასთან ნაღმი იპოვეს.
ნაღმის გაუვნებლების მიზნით გაიგზავნა თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების ჯგუფი.
ასევე გუშინ რუმენითის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთმა მის საზღვაო სივრცეში მცურავი ნაღმი გაანადგურა.
თურქეთში, შავ ზღვარი ნაღმი 26 მარტსაც აღმოაჩინეს. ნაღმის გაუვნებლებამდე ბოსფორის სრუტე ნაოსნობისთვის დაკეტილი იყო.
თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ ნაღმი პირველად მეთევზეებმა აღმოაჩინეს ბოსფორის ზემო სრუტეში. აკარმა თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გადაეცა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ხელისუფლებას.
21 მარტს Reuters-მა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა რომ შავ ზღვაში უკრაინის ნავსადგურებთან რამდენიმე ასეული ნაღმი უკონტროლოდ დაცურავს მას შემდეგ, რაც ისინი დიდი ღელვისა და შტორმის გამო მოსწყდნენ ღუზებს, რომლებიც მათ ამაგრებდა.