logo
ENG



უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

03 ივლ 202321:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/03/r074xnt6nk9lvw4.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. შესაბამისი განცხადება ზელენსკის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

როგორც ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ შემდგომში საქართველოს ელჩი დაიბაროს და სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის უკმაყოფილებაც დაუფიქსიროს.

"ზუსტად ახლა რუსეთი ქართული ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს შეაჩეროს ეს დაცინვა და მოვუწოდეთ, რომ მოხდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ შეთანხმება. ჩვენი პარტნიორები უკრაინასთან კოორდინაციის საკითხებში, ასევე გვთავაზობდნენ გადარჩენის სხვადასხვა მეთოდს. დღეს მე დავავალე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუთქვან მას მკაფიო პროტესტი და შესთავაზონ დატოვოს უკრაინა 48 საათის განმავლობაში, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს უკრაინას მისი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რათა მას ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა და მიიღოს სათანადო მოვლა. ასევე, ჩვენს პარტნიორებსაც მოვუწოდებ რომ მიმართონ [საქართველოს ხელისუფლებას], არ უგულებელყონ ეს სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი. არც ერთ ხელისუფლებას ევროპაში არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე - ევროპული, საბაზისო ღირებულებაა", - წერია განცხადებაში.

***

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. 

გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 

სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა - ფოტოები სასამართლო ჩართვიდან

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი ჩამოშლილია და ის 68 კილოგრამს იწონის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დაკარგა გონება. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შესაძლოა, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია".

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა