logo
ENG



უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო პირველ რუს სამხედროს გაასამართლებენ

11 მაი 202215:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/11/zgsrsj4djvl75bh.jpg

უკრაინაში, სუმის რეგიონში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო პირველად გაასამართლებენ რუს სამხედროს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

„გენერალური პროკურორის ოფისმა შეავსო საბრალდებო ოქმი ვადიმ შიშიმარინის მოსკოვის რეგიონის კანტემიროვსკაიას მეოთხე სატანკო დივიზიის N32010 სამხედრო დანაყოფის მეთაურის წინააღმდეგ“, - წერია გენერალური პროკურორის განცხადებაში.

ვენედიქტოვას ცნობით, 21 წლის რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინაში რუსი სამხედროს გასამართლების პირველი შემთხვევაა. მას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლებენ, რაც „ომის წესებისა და კანონების დარღვევას“ გულისხმობს. მას 10-დან 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. შიშიმარინი ახლა წინასწარ პატიმრობაშია.

გენერალური პროკურორის ცნობით, შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, მათ კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს. შიშიმარინმა სხვა სამხედროს დავალებით უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეს თავში რამდენჯერმე ესროლა.

„კოლონა, რომელშიც სერჟანტი შიშიმარინი იყო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს. გაქცევისას მან, 4 კოლეგასთან ერთად ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა კერძო ავტომობილს და გაიტაცა ის. ოკუპანტები გატაცებული მანქანით, რომელსაც საბურავები დახეთქილი ჰქონდა, სოფელში გადაადგილდებოდნენ.

გზად მათ დაინახეს კაცი, რომელიც სახლში ბრუნდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ერთ-ერთმა სამხედრომ სერჟანტს ამ მოქალაქის მოკვლა დაავალა, რათა მოქალაქეს უკრაინის მცველებისთვის მათზე ინფორმაცია არ მიეწოდებინა. მან [ვადიმ შიშიმარინმა] მანქანის ღია ფანჯრიდან კალაშნიკოვის ტიპის იარაღით თავში რამდენიმე ტყვია ესროლა 62 წლის მსხვერპლს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, საკუთარი სახლიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით“, - წერია პროკურორის განცხადებაში.


close დახურვა