უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მასშტაბური საგანგებო შემთხვევა მოხდა, რომელმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების სატრანსპორტო სისტემას სერიოზული დარტყმა მიაყენა. კერძოდ, უკრაინელებმა გაანადგურეს ჰენიჩესკის ხიდი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს კონტინენტურ უკრაინასთან აკავშირებს.
"დრონებით იერიშისას მთლიანად ჩამოინგრა საავტომობილო ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქს და ოკუპირებულ ყირიმს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ მარშრუტს წარმოადგენდა", - ნათქვამია უკრაინული მედიის ინფორმაციაში.
ხიდს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ მისი მეშვეობით რუსული ძალები აქტიურად გადაადგილებდნენ პირად შემადგენლობას, სამხედრო ტექნიკას, საწვავსა და საბრძოლო მასალებს.
