ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებულ ლუჰანსკის რეგიონის ქალაქ კადიივკაში ვაგნერელთა ბაზა გაანადგურეს.
"ამჯერად ვაგნერელთა ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას ზუსტად დაარტყეს. მხოლოდ ერთი რაშისტი გადარჩა," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ბაზა კადიივკას ადგილობრივ სტადიონზე მდებარეობს, რომელიც რუსების მიერ 2014 წლიდან ოკუპირებულია. ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსზე არ ირიცხება.
სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული.