უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული ბრიგადის მეთაურის, დენის შლეგას განცხადებით, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვია დარჩენილი.
მისი თქმით, გუშინ მოსახლეობის ევაკუაციის დასრულებისთანავე, მტერმა გაააქტიურა შეტევები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე.
"გუშინ, როგორც კი დასრულდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მტერმა ყველა სახის იარაღის გამოყენება დაიწყო. რუსულმა საზღვაო არტილერიამ შეტევები ღამის 2 საათიდან 3 საათამდე გაააქტიურა. დილით შედარებით მშვიდობიანი ვითარება იყო", - განაცხადა მან.
ამასთანავე, შლეგას თქმით, ოკუპანტებმა საველე ჰოსპიტალი დაბომბეს და ახლა ყველაზე დიდი პრობლემა, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობაა.
"ყველაზე დიდი პრობლემა დაჭრილი სამხედროებია. ჩვენი საველე ჰოსპიტალი რამდენიმე დღის წინ დაიბომბა. სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა უკიდურესად მძიმე პირობებში ხდება. ამჟამად, 500-მდე სამხედროა აზოვსტალში. მათი დაზიანებები სხვადასხვა სიმძიმისაა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს", - აღნიშნა შლეგამ.
შლეგამ ასევე ისაუბრა აზოვსტალის ქარხანაში დარჩენილი მებრძოლების გაყვანის აუცილებლობაზე.
"მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების ევაკუაციის შემდეგ, აუცილებელია გარნიზონის საკითხების მოგვარება. ჩვენმა სამხედროებმა, ამ 68 დღის განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი რაც შესაძლებელი და შეუძლებელი იყო მსოფლიო მდგომარეობისთვის", - განაცხადა შლეგამ.
1 მაისს აზოვსტალის ტერიტორიიდან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს. მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ, რუსებმა ქარხნის დაბომბვა გაანახლეს.