უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო და 100-მდე ადამიანი უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება.
როგორც ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, უკრაინელები ევაკუაციის პროცესზე გაეროსთან ერთად მუშაობენ.
"დაიწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია აზოვსტალიდან. პირველი ჯგუფი, რომელიც დაახლოებით 100 ადამიანისგან შედგენა, უკვე მიემართება ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ. ხვალ მათ ზაპოროჟიეში დავხვდებით. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესზე", - წერ ზელენსკი.
დღეს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალი 50-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გუშინ, აზოვის ბატალიონმა კი თქვა, რომ უკრაინელებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქე - ქალები და ბავშვები გამოიყვანეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში იმყოფებოდა. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გუტიერეშმა თქვა, რომ გაერო მზად არის მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ გუტიერეშის ვიზიტის პარალელურად რუსეთმა კიევში რამდენიმე რაკეტა დაუშინა. მარიუპოლის ბლოკა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.