უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 27 შეტევა მოიგერიეს.
"გასული დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ ორი მასიური საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე.
გუშინ შუადღისას, მტერმა კიევის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის, ისკანდერის საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული ძალების მხრიდან გასროლილი 11 რაკეტიდან 11-ვე განადგურდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 62 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 54. თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანდა კერძო სახლები და ინფრასტრუქტურა.