logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: 9 მაისს რუსეთი განადგურებულ მარიუპოლში აღლუმის გამართვას გეგმავს

04 მაი 202213:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/9owwxv1mguvgwn0.jpg

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობა 9 მაისს მარიუპოლში აღლუმის გამართვისთვის ემზადება.

მათივე ცნობით, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო მარიუპოლში ჩავიდა.

„პუტინის ჩინოვნიკის მთავარი ამოცანა 9 მაისს „სადღესასწაულო ღონისძიების“ მომზადებაა“, - წერს GUR-ის პრესსამსახური.

ამასთან, დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტები მარიუპოლის ცენტრალურ ქუჩებს ნანგრევებისგან ასუფთავებენ.

„მარიუპოლი, „რაშისტების“ გეგმის მიხედვით, უნდა გახდეს „დღესასწაულის“ ცენტრი. ამ მიზნით, ქალაქში სასწრაფოდ ასუფთავებენ ცენტრალურ ქუჩებს ნანგრევებისგან, დაღუპული სამხედროების ცხედრებისგან და აუფეთქებელი რუსული საბრძოლო მასალისგან“, - აცხადებენ დაზვერვაში.

დაზვერვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები „რაშისტები“, უარს ამბობენ „დღესასწაულზე“, მათ შორის, „სამხედრო აღლუმის“ იმიტაციაზე.

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას, შესაძლოა, ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს.

გამოცემა ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის სარეზერვო ძალების სრულ მობილიზებას გამოიწვევს.

თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს ევროპული დირექტორი, ამანდა სლოუტი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინს არ მისცემს საშუალებას, 9 მაისი, „გამარჯვების დღე“, რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშიროს.


close დახურვა