logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსმა მაღალჩინოსნებმა ყირიმიდან ოჯახების სასწრაფო ევაკუირება დაიწყეს

13 სექ 202218:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/vz340xlxfm398d4.jpeg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ე.წ მაღალჩინოსნებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევა აიძულებს, სასწრაფოდ მოახდინონ თავიანთი ოჯახის წევრების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ევაკუირება.

"უკრაინელი დამცველების წარმატებული მოქმედებები აიძულებენ დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და ჩვენი ქვეყნის სამხრეთში მყოფ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასწრაფოდ გადაიყვანონ თავიანთი ოჯახები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე", - აცხადებენ დაზვერვაში.

დაზვერვის ცნობით, მიუხედავად ოკუპანტების მიერ მოსახლეობის დარწმუნებისა, რომ ნახევარკუნძულზე დარჩენა უსაფრთხოა, ყირიმის ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, FSB-ის თანამშრომლები და ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მეთაური ფარულად ცდილობს საკუთარი სახლების გაყიდვას და ნათესავების სასწრაფო ევაკუაციას.

ამასთან, დაზვერვა წერს, რომ დამპყრობლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალეს საცხოვრებლების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებების დადება, დააწესეს შეზღუდვები ყირიმის ხიდზე გადაადგილებაზე და ყველანაირად ცდილობენ, დამალონ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შესახებ.

***

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი. 

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს. 

დღეს, 13 სექტემბერს სპეციალური ოპერაციის ძალებმა აზოვ ხარკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს.  

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.


close დახურვა