logo
ENG



უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ომში მარცხდება

10 ივნ 202213:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/10/e91au0ps2eupa2b.jpg
Aris Messinis/ AFP

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, ვადიმ სკიბიცკი გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ახლა საარტილერიო ომი მიმდინარეობს და ამ კუთხით უკრაინა რუსეთთან მარცხდება.

ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინა ამ კუთხით ფრონტებზე რუსეთთან აგებს და ახლა დიდწილად დასავლეთიდან მიღებულ შეიარაღებაზეა დამოკიდებული.

„ახლა საარტილერიო ომია. მომავალი ახლა ფრონტის ხაზებზე წყდება და ჩვენ ვაგებთ არტილერიის კუთხით.

ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, რას მოგვცემს [დასავლეთი]. უკრაინას ერთი საარტილერიო ერთეული ჰყავს ყოველ რუსულ 10-15 საარტილერიო ერთეულზე. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იმის დაახლოებით 10% მოგვცეს, რაც მათ [რუსებს] აქვთ“ - განაცხადა სკიბიცკიმ.

სკიბიცკის ცნობით, უკრაინა ყოველდღიურად 5000-6000 საარტილერიო ყუმბარას იყენებს.

„ჩვენ თითქმის მთლიანად გამოვიყენეთ მთელი ჩვენი [საარტილერიო] ტყვია-წამალი, და ახლა ვიყენებთ NATO-ს სტანდარტულ 155 კალიბრის ვაზნებს.

ევროპა უფრო დაბალი კალიბრის ტყვია-წამალს გვიგზავნის, მაგრამ რადგან ევროპას ელევა მარაგები, რაოდენობაც უფრო და უფრო მცირდება" - განაცხადა სკიბიცკიმ.

სკიბიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას დასავლეთისგან სჭირდება შორ მანძილზე სასროლი სარაკეტო სისტემები, რითაც რუსულ საარტილერიო ტექნიკის განადგურებას დისტანციიდან შეძლებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა ასევე Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად მინიმუმ 60 რამდენიმე რაკეტის ერთდროულად გამშვები სჭირდება. ეს კი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე დიდი ბრიტანეთი და აშშ დაჰპირდნენ უკრაინას რომ გაუგზავნიან.

საარტილერიო იარაღის დეფიციტზე საუბრობს აშშ-ის დაზვერვაც. სამხედრო წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინამ ამოწურა მისი საბჭოთა კავშირის დროინდელი და რუსეთში დამზადებული იარაღები და ახლა მთლიანად მოკავშირეებზეა დამოკიდებული.


close დახურვა