logo
ENG



უკრაინის ელჩი რეზოლუციაზე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას

28 იან 202215:21
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის ელჩი რეზოლუციაზე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა ქართული ოცნების მიერ მომზადებული მხარდამჭერი რეზოლუცია შეაფასა. რადიო თავისუფლებასთან ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა სახის მხარდაჭერას აფასებენ.

როგორც ელჩმა განაცხადა, ის წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და მას აქვს ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოსთან და არა რომელიმე პარტიასთან, პარლამენტთან ან ცალკეულ დეპუტატთან.

"უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას - იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, იარაღით, საბრძოლო მასალით, რეზოლუციით, რითაც იქნება - ყველაფერი სასარგებლოა, რადგან ვთლით, რომ მხარდაჭერის ეს გზები, ეს ნიშნები არის დამატებითი აგურები ჩვენი საერთო კედლისთვის, რომელიც დაგვიცავს აგრესიისგან. ასე რომ, ყველაფერი ფასეულია. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი შეკითხვის არა და უფრო რემარკისა: ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიღებთ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სიგნალს პოლიტიკოსებისგან, კომპანიებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან, აგერ ვხედავ თქვენი ოპერატორების სამკერდე ნიშნებს. გუშინ შესანიშნავი ლაითშოუ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ვიცით და ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის. გუშინ, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად ჩვენს ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი საქართველოს მოქალაქისგან, რომელსაც სურდა უკრაინაში საომრად წასვლა, უკრაინის დასაცავად წასვლა. და ასევე ვიცით, რომ ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი - უკრაინისა და საქართველოს საერთო საგანძური. ეს ჩვენი ღირებულებაა - ურთიერთმხარდაჭერა, ერთად ყოფნისთვის მზადყოფნა არა მხოლოდ რეზოლუციებში, არამედ ყოველდღიურ საქმეში", - აცხადებს ელჩი.

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და, ასევე, ტექსტის სათაურიც. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტი ყველა იმ პუნქტს შეიცავს, რომელიც საჭიროა და დოკუმენტი ეხება იმას, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. 

ქართული ოცნებისგან საპირისპიროდ, დროამ ალტერნატიული რეზოლუცია მოამზადა. ამასთან, გავრცელდა უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია. 


close დახურვა