logo
ENG



უკრაინის ეროვნული პოლიცია: კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გავაძევეთ

25 ივნ 202123:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/25/30q27ykaemews7k.jpg

უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან დეპორტაციის პროცედურით გააძევეს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კრიმინალური ავტორიტეტი 25 ივნისს მის სამშობლოში მიგრაციის სამსახურის დახმარებით გააძევეს.

"ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს, როგორც ადამიანი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

"ავტორიტეტს" ასევე უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. 42 წლის კაცი, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი, წარსულში სხვა ქვეყნების სამართალდამცველების მიერაც იყო დაკავებული სხვადასხვა სერიოზული დანაშაულებებისთვის, მათ შორის მკვლელობისთვისაც. 

უკრაინაში ის ქართული და რუსული კრიმინალური სამყაროს ინტერესებს წარმოადგენს. აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ფულის გამოძალვასა და მოპარვაში, ასევე აორგანიზებდა კრიმინალურ თავშეყრებს", - წერია განცხადებაში. 

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვატო ყიფიანი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყიფიანი ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების საქმეზეა დაკავებული. მედიის ცნობით, საქმეზე 6 პირია გასამართლებული, თუმცა  გამოძიება ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

გავრცელებული ცნობით, ყიფიანი აღნიშნულ საქმეზე სუს-ში მარტში გამოკითხეს.


close დახურვა