უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელი დამცველები რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმების გამო შურს იძიებენ.
"საჰაერო იერიში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. არის მსხვერპლი და ნგრევა. რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან მოიტანა ჩვენს მიწაზე! შურს ვიძიებთ," - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.