logo
ENG



უკრაინის თავდაცვა: ნოვოფედორივკაში აფეთქება რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს

09 აგვ 202221:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/1rf9tfxq9wigxz7.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ყირიმში, საკის რაიონში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარი რუსეთმა, შესაძლოა ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, თუმცა, კიდევ ერთხელ ახსენებს სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას. ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შესაძლოა ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა "შემთხვევით" იპოვონ რაიმე დამახასიათებელი "შევრონი", "სავიზიტო ბარათი" ან თუნდაც "დნმ" ", - წერს მინისტრის მოადგილე.

ანა მალიარი უკრაინელებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიენდონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები.  

ყირიმის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, კონსტანტინე სკორუფსკის განცხადებით ნოვოფედორივკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია 1 გარდაცვლილის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა. 

საკის აეროდრომი ნოვოფედოროვკას მახლობლად, ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი აეროდრომია.

იქ განლაგებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.


close დახურვა