უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსეთისთვის რთულია ომის დაფინანსება, მათი პრიორიტეტი რაკეტებია და არა ხალხი.
მალიარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უჭირს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსება, მას ხანგრძლივი ბრძოლის რესურსი აქვს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყანა დაინტერესებულია მთელი უკრაინის კონტროლით, თუმცა ეტაპობრივად მოძრაობს და ტაქტიკურ მიზნებს ირჩევს.
"ამავდროულად, მათ მაინც აკლიათ რესურსი, რომ სათანადოდ უზრუნველყონ სამხედრო პერსონალი. მათი პრიორიტეტი რაკეტებია და არა ადამიანები. ისინი [რუსები] საერთოდ არ ითვალისწინებენ ადამიანის სიცოცხლეს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.