უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 21 ივლისის 00:00 საათიდან გემები, რომლებიც მიემართება რუსეთის საზღვაო პორტებისა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისაკენ, შესაძლოა, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩაითვალოს.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება ჩათვალოს სამხედრო ტვირთის გადამზიდად”, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ასევე აცხადებს, რომ 20 ივლისის 05:00 საათიდან “შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და უკრაინის ქერჩ-იენიკალის სრუტის რაიონებში გადაზიდვა აკრძალულია,” ხოლო მეზღვაურებს შესაბამისი ინსტრუქცია უკვე გადაეცათ.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შავი ზღვის პორტებისაკენ მიმავალი ნებისმიერი გემი განხილულ იქნება, როგორც სამხედრო ტვირთის გადამზიდი.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარას, მიუხედავად მათზე აღმართული დროშისა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ხორბლის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, 19 ივლისს რუსეთმა განაცხადა, რომ დღეიდან უკრაინის პორტებისაკენ მიმავალი ნებისმიერი გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდველად ჩაითვლება, ხოლო ქვეყნები, რომელთა დროშის ქვეშაც გემები გამოჩნდებიან, კონფლიქტში ჩართულ მხარეებად იქნებიან მიჩნეულნი.