უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის შეჭრის შემდეგ 9 000 დამცველი დაკარგა.
"თუ მათ უკვე ჰყავთ 50 000-ზე მეტი დაღუპული, ჩვენი მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 9 000-ია," - თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარი განმარტავს, რომ ომის დროს სამხედრო ინფორმაციის გავრცელების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. მისი თქმით, მტერი ინფორმაციას უკრაინული ღია წყაროებიდან იღებს.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სამხედროებისთვის მტრის მოკლული პერსონალის რაოდენობა არის ინდიკატორი, რომლითაც ომის გარკვეული ტექნოლოგიების ეფექტურობა იზომება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 56 060 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.