logo
ENG



უკრაინის მხარდაჭერის საკითხს შეერთებული შტატების სენატი მომავალ კვირას განიხილავს

02 თებ 202415:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/02/imqg27amwo8wec1.jpg

უკრაინის მხარდაჭერის საკითხს შეერთებული შტატების სენატი მომავალ კვირას განიხილავს.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს, სადაც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული, კენჭს არაუგვიანეს მომდევნო კვირის ოთხშაბათს უყრიან. შეთანხმების ტექსტი კი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

"ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და განხილვას საჭიროებს, თუმცა საბოლოო შედეგს ვუახლოვდებით", - აცხადებს სენატის უმრავლესობის ლიდერი. 

ეროვნული უსაფრთხოების პაკეტი მოიცავს დახმარებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, ასევე დამატებით თანხებს ახალი საიმიგრაციო პოლიტიკისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაშინგტონმა კიევის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინელი ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველსაყოფად პუტინის აგრესიის ფონზე.

ოქტომბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.

ამასთან, ცნობილია, რომ 4 დეკემბერს, თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა კონგრესს მიმართვა გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, ვაშინგტონს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება.


close დახურვა