უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი მიხეილ სააკაშვილის სანახავად დაშვებას ითხოვს. ამის შესახებ ის ტელეგრამზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია.
"რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება. ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა. და ეს მიუღებელია! კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან", - წერს ის.
მისი თქმით, რამდენჯერმე წერილით მიმართა სახალხო დამცველსა და იუსტიციის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაიყვანონ და აღნიშნავს, რომ უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან.
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და მისი ფოტოები წარადგინა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩნდება კითხვები - ვის მხარეს არიან ისინი, ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.