აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას თეთრ სახლში უმასპინძლა. ზელენსკა დღეს აშშ-ის კონგრესს მიმართავს.
გუშინ თეთრ სახლში დახვედრის შემდეგ ორი ქვეყნის დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტისგან "მნიშვნელოვან შედეგებს ელის".
ზელენსკის თქმით, აშშ-ში ყოფნისას ოლენა ზელენსკას მიზანია გაზარდოს უკრაინისადმი ამერიკის დახმარება, უკრაინამ მიიღოს დამატებითი მხარდაჭერა რუსეთის ტერორის წინაშე აღმოჩენილი ხალხის დასაცავად და გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარება.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონგრესისადმი ზელენსკას მიმართვა მნიშვნელოვანი იქნება.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ ამას მოისმენს ის ხალხი ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი კი უკრაინას მაისში ეწვია. ის ოლენა ზელენსკას შეხვდა და მოინახულა სკოლა, რომელიც იძულებით გადაადგილებული უკრაინელების დროებითი საცხოვრებელია. ჯილ ბაიდენმა გუშინ, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დასაწყისში სწორედ უკრაინაში ვიზიტზე ისაუბრა.
„როცა დავბრუნდი [უკრაინიდან], ერთ-ერთი რაც ვთქვი ის იყო, რომ შეუძლებელია საომარ ტერიტორიაზე წახვიდე, უკან დაბრუნდე და არ იგრძნო ხალხის სევდა და ტკივილი“ - განაცხადა ჯილ ბაიდენმა.
აშშ-ის პირველი ლედის თქმით, ის თავის გუნდთან ერთად მუშაობს რათა იმ უკრაინელი დედებსა და ბავშვებს, ვინც რუსეთის სისასტიკეები გამოიარეს, მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიღებაში დაეხმაროს.