უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაია ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.
ზელენსკაიამ შეხვედრის ფოტოები ფეისბუქით გაავრცელა და განაცხადა, რომ ვაშინგტონში აშშ-ს პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება.
"მშვიდად დაფრინავენ სამგზავრო თვითმფრინავები, ხალხს ქუჩაში არ ეშინია სირენებისა და ხმაურის. უცნაური შეგრძნებაა: რუსეთის შეჭრიდან მეხუთე თვეს აღმოჩნდე ქვეყანაში, სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელია", - დაწერა ზელენსკაიამ.
ბლინკენთან შეხვედრაზე კი ის აღნიშნავს:
"მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, ვციტირებ, "სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა იმაზე გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინის", შეუცვლელია".
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, 20 ივლისს უკრაინის პირველი ლედი კონგრესში სიტყვით გამოვა.