logo
ENG



უკრაინის საგარეო: უკრაინა არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში და არც გეგმავს

21 დეკ 202209:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/5kfd9y1psrbe38s.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო პასუხობს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს იმაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა საქართველოს ომში ჩათრევის სპეცოპერაციის ნაწილი იყო.

ნიკოლენკო აღნიშნავს, რომ "უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას".

მისივე თქმით, იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის თემაზე სპეკულირებს.

"რა სახის ინსინუაციებს არ ავრცელებენ ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები, რომ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ამავდროულად, ჩვენ ძალზე იმედგაცრუებულები ვართ , რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, იმისთვის რომ ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს''-წერს ნიკოლენკო Facebook-ზე.

ამასთან, ის მოუწოდებს ქართულ მხარეს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენი და დააკმაყოფილოს სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისთვის.

გუშინ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".

ვიდეომიმართვაზე პასუხად ქართული ოცნების ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა "სპეცოპერაცია" იყო. 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუმა მდინარაძის თქმით, სწორედ ამის "ავტორებმა უზრუნველყვეს" ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაც.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით კი, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის "საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში" და "ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა".


close დახურვა