logo
ENG



უკრაინის საგარეო მინისტრმა საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების მასშტაბზე ისაუბრა

26 იან 202219:20
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის საგარეო მინისტრმა საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების მასშტაბზე ისაუბრა
reuters.com

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს უკრაინის მთელ საზღვარზე სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საკმარისი ძალები არ ჰყავს მობილიზებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კულებამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინას ნებისმიერ მომენტში დაესხას თავს, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, თუმცა ამ დროისთვის სრული შეტევისთვის საჭირო ძალების მობილიზებას ვერ შეძლებს.

„უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზებული რუსი სამხედროების რიცხვი დიდია, ეს საფრთხეს წარმოადგენს - პირდაპირ საფრთხეს უკრაინისთვის.

თუმცა, ეს რიცხვი არაა საკმარისი უკრაინის მთელი საზღვრის გასწვრივ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის. მათ [რუსებს] ასევე არ აქვთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ხელსაწყო და სისტემა ამგვარი სრულმასშტაბიანი შეტევის განხორციელებისთვის.

ჩვენ შეგვიძლია დღეში 100-ჯერ გავიმეოროთ, რომ შეჭრა გარდაუვალია, თუმცა ეს არ ცვლის ადგილზე არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, თუ დასავლეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს.

კულებამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო შეჭრა არაა ერთადერთი საფრთხე რომლის წინაშეც ახლა დგას უკრაინა.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში დესტაბილიზაციის სცენარს და ეს სცენარი გარდაუვალია, ის უკვე ხორციელდება - პანიკის გავრცელებით, უკრაინის ფინანსურ სისტემაზე წნეხით, უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი ბედნიერი იქნება, თუ ამ გეგმით მიაღწევს წარმატებას. მას აღარც კი დასჭირდება სამხედრო ძალებისთვის მიმართვა იმისთვის, რომ უკრაინა მოწყვლად პოზიციაში ჩააყენოს.

N1 პრიორიტეტი დღეს სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებაა, რომ ვიყოთ რეალისტები მყისიერი საფრთხის შეფასებისას თუმცა იმავდროულად რეალურზე მცირე საფრთხედ არ აღვიქვათ სამხედრო შეჭრის პოტენციალი“ - განაცხადა დმიტრო კულებამ.

კრემლი ამ დრომდე უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს და აცხადებს, რომ NATO-ს მხრიდან უკრაინის დახმარება, მათ შორის იარაღების მიწოდება და სამხედრო წვრთნები, რუსეთისთვის დასავლეთ ფლანგზე საფრთხეებს ზრდის, რაზეც კრემლს რეაქცია ექნება. 


close დახურვა