logo
ENG



უკრაინის საელჩო: არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული კონსულტაციებისას

01 მარ 202218:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/2bzn9d2vdtjbef6.jpg

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასანოვმა საქართველოდან კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კასანოვმა დაასახელა ის მიზეზები, რომლებიც გაწვევას უკავშირდებოდა და განაცხადა, რომ "არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული".

"როგორც ცნობილია თქვენთვის, უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის, ამას ჰქონდა ორი საკვანძო მიზეზი: პირველი არის საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იყო დაწესებული უკრაინაში ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. მეორე მიზეზი არის გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც მოხალისეების გაგზავნას უკავშირდება ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული კონსულტაციებისას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაფერი რისი კომენტირებაც შემიძლია აღნიშნულ საკითხზე", - ამბობს საელჩოს წარმომადგენელი.

საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს, რასაც ხელისუფლება "ქვეყნის ინტერესების" საბაბით ხსნის. გარდა ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, რომელთაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურდათ.

ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურთ მათ, ვისაც ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის აღშფოთება მოჰყვა ქართული ოცნების მიერ უკრაინისთვის მკაფიო მხარდაჭერის არგამოცხადებას და ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში ინდივიდუალურად წასვლის ხელშეშლას. სწორედ ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელმაც საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად მოხალისეების ომში წასვლას ხელს არ უშლიან NATO-ს წევრი ქვეყნებიც, რომლებიც საომარ მოქმედებებში ჩართულნი არ არიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მორალური უწოდა ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს ხელი შეეშალათ მოხალისეებისთვის.

"ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან მოქმედებებს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც უღალატა სიტყვას და საერთაშორისო სამართალს", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა