უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით უკრაინაში გაშვებული 44 რუსული საკრუიზო რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს.
მთლიანობაში რუსეთმა 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
სარდლობა იტყობინება, რომ 31 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან, რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმების რამდენიმე ტალღა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
X-101/X-555 საკრუიზო რაკეტები Tu-95/Tu-160 სტრატეგიული ავიაციით გაისროლეს კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან, ასევე როსტოვის რეგიონიდან, ვოლგოდონსკიდან.
"საჰაერო ძალებმა 44 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. საჰაერო სარდლობის „ცენტრის“ პასუხისმგებლობის ზონებში - 18, საჰაერო სარდლობა „სამხრეთი“ - 12, საჰაერო სარდლობა „აღმოსავლეთი“ - 9, საჰაერო სარდლობა „დასავლეთი“ - 5."- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს დილით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიშები მიიტანეს, მათ შორის დაბომბეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ქალაქის მასშტაბით, სულ მცირე, 3 აფეთქების ხმა იყო, ხოლო უკრაინაში 40-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. უკრაინსკა პრავდა წერს, რომ საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა პოლტავასა და ვინიციაშიც.