უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა უკრაინას მასიურად დაარტყას G20-ის სამიტის დროს.
"ჯერ კიდევ ვითარდება მოვლენები და G20-ის სამიტი ახლოვდება. მათ ძალიან უყვართ ასეთ დღეებში რაიმე სახის პროვოკაცია", - თქვა საჰაერო ძალების სპიკერმა.
იგნატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვნად ამოწურეს იარაღის მარაგი, ისინი მაინც აგრძელებენ იარაღის, კერძოდ, რაკეტების დაგროვებას.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში. რაც შეეხება პუტინს, კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის სამიტს ვირტუალურადაც არ დაესწრება. ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.