logo
ENG



უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ავაკოვთან ჩხრეკა ჩატარდა

01 თებ 202314:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/n2ijd49m9huvuy2.jpg

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, არსენ ავაკოვთან ჩხრეკა ჩატარდა. როგორც ავაკოვმა უკრაინულ მედიასთან თქვა, ჩხრეკა ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეს ეხება.

"ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე ჩხრეკა დასრულდა. ეძებდნენ Airbus-თან ექვსი წლის წინანდელ კონტრაქტებს. ბუნებრივია, ვერაფერი იპოვეს. კონტრაქტებს მთავრობა და პარლამენტი ამტკიცებდა. [ჩხრეკა] კორექტულად მიჰყავდათ, თუმცა სულელურად. ფორმალურად დაამუშავეს ვერსია", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ავაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა. 2021 წელს ის დენის მონასტირსკიმ ჩაანაცვლა. 14 იანვარს ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენ Airbus Н225 Super Puma-ის ჩამოვარდნის დროს, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო მოქმედი შსს მინისტრი და უწყების მაღალჩინოსნები. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

2018 წლის მაისში უკრაინასა და საფრანგეთს შორის ხელი მოეწერა 552 მილიონი ევროს ღირებულების შეთანხმებას, რომლის ფარგლებში ფრანგულ მხარეს კიევისთვის უნდა მიეწოდებინა პირველ ეტაპზე Airbus-ის 37 ვერტმფრენი, შემდეგ კი კიდევ 18.


close დახურვა