უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ქვეყნის მთლიანი ინფრასტრუქტურის 20-30% განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ომის შედეგად განადგურებულია გზები, ხიდები, პორტები, რკინიგზის ლიანდაგები და აეროპორტები.
25 მაისის მონაცემებით პირდაპირი ზარალი, რაც უკრაინის ეკონომიკას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების, მათ შორის სკოლების, საავადმყოფოების და ა.შ ნგრევის შედეგად მიადგა 105.5 მილიარდ დოლარს აღწევს, მათ შორის 40 მილიარდი დოლარი ტრანსპორტის ნგრევის გამო.
კუბრაკოვის ცნობით, ხელახალი ნგრევის რისკების მიუხედავად ქვეყანა ცდილობს აღადგინოს პრიორიტეტული შენობები. ზოგიერთ გათავისუფლებულ რეგიონში აღდგენა დაწყებულია, თუმცა რესურსების სიმცირის გამო პროცესი ნელა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, მარიუპოლი, ხარკივი, ჩერნიჰივი, სევეროდონეცკი და ლისიჩანკი ოკუპანტების ქმედებების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. 320 000-მდე უკრაინელმა უკვე დაკარგა საცხოვრებელი სახლი.