უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილო ტიმოშენკო აცხადებს, რომ რუსეთის ჯარის მხრიდან უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დღევანდელი თავდასხმის შედეგად ქვეყნის 7 რეგიონში 1.5 მილიონი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის ენერგოკოპმანია უკრენერგოს ცნობით, რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დღევანდელი თავდასხმის შედეგად მიღებული ზიანი, შესაძლოა, აღემატებოდეს 10-12 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგებს.
შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ, ყირიმის ხიდზე აფეთქებიდან მალევე, რუსულმა ძალებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგოსექტორზე.
კიევის დროით დილის 12 საათისთვის ელექტროენერგიაზე წვდომა ხმელნიცკის რეგიონში - 672 000 ადამიანს, მიკოლაივში - 102 000 ადამიანს, ვოლინში - 102 000 ადამიანს, ჩერკასიში - 242 000-ს, რივნეში - 174 700-ს, კიროვოჰრადში - 61 900-ს, ხოლო ოდესაში - 10 500 ადამიანს შეუწყდა.
უკრენერგოს ცნობით, კომპანია აკეთებს ყველაფერს, რათა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ რეგიონებში დენის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.
„მტერმა ბრაზი დაგვიმატა. ბრაზი ძალას გვაძლევს. მაგრამ თქვენი გულისხმიერება და მხარდაჭერა ასევე გვმატებს ძალას“ - განაცხადა კომპანიამ.
უკრაინის ცნობით, ენერგომიწოდებაზე შეზღუდვები კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში: ჩერნიჰივში, ჩერკასიში, ჟიტომირში, სუმიში, ხარკივში, პოლტავაში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა და კირობოჰრადში დაწესდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, დღეს დილით რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
უკრაინის ცნობით, თავდასხმისთვის რუსეთმა დაბომბვისთვის გამოიყენა სულ მცირე 10 ერთეული Tu-160 და Tu-95 თვითმფრინავები, ისროლა 17 ერთეული X-101 (X-555) ფრთოსანი რაკეტა. შავ ზღვაში არსებული გემებიდან კი 16 კალიბრის რაკეტა ისროლა.