უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში, 600-მდე ადამიანი მძევლად არის აყვანილი, რომლებიც სპეციალურად აღჭურვილ სარდაფებში იმყოფებიან.
"600-დან ნახევარი მძევლად ჰყავთ აყვანილი ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაში, წინასწარი დაკავების ცენტრში და ქალაქ ჰენიჩესკის მე-17 პროფესიულ სასწავლებელში," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამილა ტაშევამ.
უკრაინელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მძევლებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და სამხედრო ტყვეები. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ისინი არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან და მათ აწამებენ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი ხერსონის რეგიონიდან ყირიმშია გადაყვანილი.
