logo
ENG



უკრაინის ხელისუფლება იტყობინება კიევის, ხარკივის, მიკოლაევისა, ჟიტომირის დაბომბვის შესახებ

18 ოქტ 202210:43
3 წუთის საკითხავი
 

18 ოქტომბრის დილას რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ამბობს, რომ ოკუპანტებმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს დნეპრში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. შედეგად გაჩნდა ხანძარი. ქალაქის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩა.

ხარკივის მერი, იგორ ტერეხოვი იუწყება, რომ დარტყმების ქვეშ მოყვა ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია.

"ხუთ წუთის განმავლობაში აფეთქებების ორი სერია იყო", - წერს ტელეგრამზე ტერეხოვი. აფეთქებების გამო ხარკივში გაჩერებულია მეტრო.

სარაკეტო იერიშები დაფიქსირდა ჟიტომირის ენერგომომარაგების ობიექტებზე, ასევე სამი დარტყმა იყო კიევის მარცხენა სანაპიროს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია დარტყმების შესახებ კრივოი როგსა და მიკოლაივში. მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტები მოხვდა ყვავილების ბაზარსა და ორსართულიან სახლს. ნანგრევების ქვეშ კაცის ცხედარი იპოვეს.

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. პუტინი აცხადებს, რომ ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცაღა დარტყმების ქვეშ საცხოვრებელი ობიექტები ხვდება. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.


close დახურვა