უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის 454 დასახლება გაათავისუფლეს.
"ჩვენი სამხედროების შეტევითი მოქმედებების წყალობით, ხარკივის რეგიონში უკვე 454 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული", - თქვა ტიმოშენკომ.
ტიმოშენკოს თქმით, დეოკუპირებლ ტერიტორიებზე მუშაობა განაახლა 14-მა სამმართველომ, 90-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, გაიხსნა 78 სამედიცინო პუნქტი, 23 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
ტიმოშენკომ ასევე თქვა, რომ ხარკივის რეგიონში განაახლეს 6 მობილური საკომუნიკაციო ანძა, მუშაობა განაახლა 27-მა გაზმომარაგების და 23-მა ელექტრომომარაგების ობიექტმა.
სახელმწიფო მეთაურის აპარატის უფროსის მოადგილემ დასძინა, რომ ხარკივის რეგიონში გრძელდება გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები. ასევე, სამხედრო ადმინისტრაცია ამარაგებს მოსახლეობას საკვებით, ჰიგიენური საშუალებებით, ბავშვებისთვის საჭირო პროდუქტებით.
"400 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიწოდებულია", - აცხადებს ტიმოშენკო.
აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში აქტიური კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყეს.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში 300-მდე დასახლება და თითქმის 6 000 კვადრატული კილომეტრის მიწა გაათავისუფლეს.