უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, ტერორის და უკრაინელების გენოციდის გარდა, რუსეთს სხვა მიზანი არ აქვს.
"ტერორისტული სახელმწიფოს მასიური სარაკეტო თავდასხმა ჩვენს მიწაზე. მრავალი თვის განმავლობაში რუსები რაკეტებს სწორედ ამ მიზნით აგროვებდნენ: თავდასხმები საცხოვრებელ კორპუსებზე, სავაჭრო ცენტრებზე, საავადმყოფოებზე, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე.
რუსეთი ისევ და ისევ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ მას ტერორის, მკვლელობისა და უკრაინელების გენოციდის გარდა, სხვა მიზანი არ აქვს. თითოეული ამ დანაშაულისთვის სამართლიანი სასჯელი იქნება", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების შეტევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 75-ს აჭარბებს. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.