logo
ENG



უმცირესობების საბჭოები: თავი შეიკავეთ ეთნო-რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან

07 ოქტ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
1yacdwc6hqvom2v.jpg

სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებზე განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები აცხადებენ, რომ კონფლიქტის მხარეებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონონ საომარი მოქმედებების შეჩერებისა და მშვიდობის მყარი გარანტიების შესაქმნელად.

"საქართველოს მოქალაქეების სამშობლო საქართველოა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდობა, შემწყნარებლობა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, და იგივე მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოები მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სათემო და რელიგიურ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან საქართველოსა და რეგიონში ტოლერანტული გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

გარდა ამისა, საბჭოები მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავენ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეუწყოს ხელი ეთნოსებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის შემოტანასა და გაღრმავებას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეფეჯ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო.  კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.  

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს. 


close დახურვა