უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა 199-მა დეპუტატმა მიიღო - გაწევრიანებას მხარი 182-მა დაუჭირა.
პროცედურულად ახლა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებაა დარჩენილი, იმისათვის, რომ ფინეთი NATO-ს წევრი გახდეს.
ფინეთი ვერ გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი, სანამ ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტი არ დაუჭერს მხარს კანონს.
მანამდე თურქეთმა დაადასტურა, რომ ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირების პროცესს დაიწყებდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. განაცხადის დასადასტურებლად აუცილებელია ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან მისი რატიფიცირება.
თებერვალში თურქეთმა მხარი დაუჭირა ფინეთის განაცხადს, მაგრამ შვედეთის ხელისუფლებას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის დაკავება მოსთხოვა. თურქეთი ასევე მოითხოვს შვედეთისგან 100-ზე მეტი ქურთი აქტივისტის ექსტრადირებას, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. ანკარა მათ ტერორიზმში ადანაშაულებს.
უნგრეთის პარლამენტში რატიფიკაციის კენჭისყრის ვადა რამდენჯერმე გადაიდო. ვიქტორ ორბანის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი რაც უნდა გააკეთოს უნგრეთმა არის ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს NATO-ს საკითხების განხილვას.