ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდშიც შეინარჩუნებს ერთიანობას და შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას.
როგორც ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მისი მთავარი მიზანი იქნება, ქვეყანაში იყოს სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა.
„მნიშვნელოვანია იმ ერთიანობის დემონსტრირება, რაც აქ მოხდა - 20 ივნისის შემდეგ ოპოზიციამ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა და ოცნების მცდელობების მიუხედავად საერთო სტრატეგიით მივდივართ. მაჟორიტარული ოლქები მნიშვნელოვანია, ვაკე საკმაოდ რთული უბანია. ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვუთხრათ, ის არის, რომ უნდა დასრულდეს ასეთი ტიპის მმართველობა, რომელმაც უამრავი უპერსპექტივობა გააჩინა. სისტემურად უნდა შეიცვალოს მმართველობა, უნდა იყოს მართლმსაჯულების სამართლიანი სისტემა, რომ ბინზესს არ ეშინოდეს და პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ ამომრჩეველთან და დიდი იმედი მაქვს, დავარწმუნებ მათ", - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიცია იმსჯელებს დარჩენილ ორ ოლქზეც - მისივე თქმით, მიესალმება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას, თუკი ის გამოთქვამს ამის სურვილს.
„მე პირდაპირ გეტყვით, რომ ისნის რაიონში რვა წლის მანძილზე ცოტაა გაკეთებული, ისანს ვიცნობ ხუთი თითივით - თუ ვინმეს ეყოლება პატრონი, ეყოლება ისანს. მთავარია გაჭირვება დავამარცხოთ. ეს არის დიდი ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამ გამარჯვების მუხტით უნდა მივიდეთ ბოლომდე. ეს იყო ჩვენი სტრატეგიის შესაბამისი ნაბიჯი, რომ კარები ღია დაგვეტოვებინა სხვა ადამიანებისთვისაც. რაც შეეხება მარგველაშვილს-მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მსმენია, რომ აქვს ინტერესი დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის. ძალიან გამიხარდებოდა. საბურთალოზეც უნდა ვიმსჯელოთ, იყო თაკო ჩარკვიანზეც მოსაზრება, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატები წარადგინა თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში.