logo
ENG



უნდა ვმართოთ ვირუსის გავრცელება - ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე მუშაობა ჩერდება

22 მარ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე მუშაობას აჩერებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, ამის განხორციელების საშუალება არ აქვთ და აქცენტს სოციალურ პრობლემებზე გადაიტანენ. იგგმება დახმარების პაკეტების შემუშავება სოციალურად დაუცველებისათვის, თუმცა როდის მოხდება ეს, პასუხი არც ამ კითხვაზე არსებობს. მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებასაც გეგმავს. 

„ამ მომენტში ჩვენ გვაქვს შეჩერებული ხელოვნურად შეზღუდული აქტივობები, იმისათვის, რომ ვმართოთ ვირუსის გავრცელება. რასაკვირველია, ამის შედეგად ეკონომიკა დაზიანდება და დასჭირდება შემდეგ სტიმულირება. ეს პაკეტი არის მომზადებული. ამის რამდენიმე სცენარი არსებობს მსოფლიო მასშტაბით, იმის მიხედვით, თუ რა ხაგრძლივობით იქნება ეს ვირუსი და რა მასშტაბით. რაც შეეხება კრიზისულ ბიუჯეტს, რაზეც ჩვენ დღესაც ვმუშაობთ, ვცდილობთ გადავაწყოთ ყველაფერი ამ პერიოდზე, მაგალითად, რა სოციალური პაკეტები შეიძლება შეიქმნას და ასე შემდეგ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება არსებულ გამოწვევებზე ადეკვატურად რეაგირებს.

„ეკონომიკური სტიმულირების გეგმა უკვე მოქმედებაშია. ჩვენ ვრეაგირებთ ძალიან ადეკვატურად იმ დიდ გლობალურ და ჩვენთვის მანამდე აბსოლუტურად უცნობ, მსოფლიოსთვის უცნობ გამოწვევაზე, რასაც ჰქვია ვირუსის გავრცელება. პირველ რიგში მივყვებით იმ დარგებს და ინდუსტრიებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალობენ, ჩვენივე ურთიერთშეთანხმებით და გადაწყვეტილების საფუძველზე“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვევებს ეროვნული ვალუტის გაუფასურება. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გეგმა შემუშავდება, თუმცა მის დეტალებზე ამ დროისთვის ვერ საუბრობენ.

„ლართან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორია, რომელიც მუშაობს - ეს არის კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და ნავთობის დევალვაცია. პირველ რიგში, ცენტრალურ ბანკს აქვს ბერკეტები, რომლის გააქტიურებასაც ის ახდენს და ამ თვალსაზრისით მან სავალუტო ინტერვენციები უკვე განახორციელა. გამოწვევას უპასუხებს საქართველოს მონეტარული ხელისუფლება, ეს არის პირველ რიგში ეროვნული ბანკი“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

 


close დახურვა