ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის განცხადებით, რუსების ხერსონიდან გასვლა, მათი კიდევ ერთი სტრატეგიული მარცხია.
"თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, ხერსონის გარდა. ახლა, როდესაც ის უკვე დანებდა, რიგითმა რუსებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო?", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
უოლასის თქმით, რუსეთის არმიამ უკანონო შემოჭრის შედეგად, უზარმაზარი ზარალი განიცადა და მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციასა და დამცირებას მიაღწია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინა გააგრძელებს ზეწოლას, ხოლო დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა - მის მხარდაჭერას.
11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.